
Creative
დედის დღე ხშირად დიდ სიტყვებსა და ემოციურ მესიჯებს უკავშირდება, თუმცა ჩვენი მიზანი იყო ამ თემისთვის უფრო მშვიდი, ადამიანური და გულწრფელი ფორმა მოგვეძებნა.

იდეა ერთი მარტივი დაკვირვებიდან დაიბადა. ბავშვი სამყაროს ხუთი გრძნობით ეცნობა: ხმით, სურნელით, გემოთი, შეხებითა და მზერით. სწორედ ამ შეგრძნებებით იწყება ბავშვის პირველი ურთიერთობა სამყაროსთან, რომლის ცენტრშიც დედა დგას.
ამ კონცეფციაზე დავაფუძნეთ დედის დღის ვიდეოკამპანია, რომელიც Ad Geeks-ის კრეატიულმა გუნდმა ჟორდანიას სამედიცინო ცენტრისთვის შექმნა.
ვიდეო არ გვიყვება ერთ დიდ ისტორიას, პირიქით, ის აჩვენებს ყოველდღიურ პატარა მომენტებს, რომლებიც საბოლოოდ ქმნის დედობის გამოცდილებას.
პირველი შეგრძნება არის ხმა, დედის იავნანა, ჩუმი ღიღინი, ზღაპრის ჩურჩული. ეს არის ხმა, რომელსაც ბავშვი ყველაზე ადრე იცნობს და რომელიც მისთვის სიმშვიდესა და უსაფრთხოებასთან ასოცირდება.

დედის სურნელი, რომელიც ბავშვისთვის სახლს ნიშნავს. დედის გვერდით ყოფნისას სურნელი იქცევა იმ პატარა დეტალად, რომელიც ბავშვობის ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება.

მესამე შეგრძნებაა გემო, პირველი საკვები, რომელიც დედის ხელით მზადდება და რომლის აღმოჩენაც ბავშვისთვის ახალი სამყაროს გაცნობას ჰგავს.

მეოთხე არის შეხება, ჩახუტება, ხელის დაჭერა, ის ფიზიკური სიახლოვე, რომელიც ბავშვს დაცულობის განცდას აძლევს.

მზერა, დედის თვალები, რომლებშიც ბავშვი პირველად ხედავს სიყვარულსა და ყურადღებას.

ვიდეოს ნარატივი სწორედ ამ ხუთი შეგრძნების გარშემო ვითარდება. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ყოველდღიური, ბუნებრივი სცენებით.
ვიზუალურად კამპანია აგებულია თბილ და ბუნებრივ ტონებზე: რბილი განათება, ახლო კადრები და მშვიდი ატმოსფერო მაყურებელს საშუალებას აძლევს ამ ისტორიაში საკუთარი გამოცდილება დაინახოს. კამერა უბრალოდ აკვირდება დედასა და ბავშვს იმ პატარა ყოველდღიურ მომენტებში.
კამპანიის მთავარი იდეა სწორედ ამ დაკვირვებაშია:
„სამყაროს ხუთი გრძნობით ვიცნობ…
…და ხუთივე შენ ხარ, დედა.“
საბოლოოდ, ეს კამპანია არის შეხსენება იმ პატარა შეგრძნებების, რომლითაც ჩვენი სამყაროს შეცნობა იწყება და იმ ადამიანზე, ვინც ამ სამყაროს თავიდანვე გვაცნობს.
იხილეთ ვიდეოს სრული ვერსია: